ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი და მოწვეული პედაგოგი ლუკა ჯინჭარაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
ლუკა ჯინჭარაძე, როგორც მოწვეული მკვლევარი, ორთვიანი კვლევითი ვიზიტით საფრანგეთში, ნანტის უნივერსიტეტში იმყოფება. კვლევითი მობილობის ფარგლებში იგი მუშაობს საფრანგეთის დიპლომატიური არქივების ცენტრში, ასევე თანამშრომლობს ნანტის უნივერსიტეტთან აფილირებულ იდენტობების, ერებისა და ინტერკულტურულობის კვლევის ლაბორატორიასთან.
მისი სადოქტორო კვლევა ჩრდილოეთ ამერიკის ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებს, კანადა-აშშ-ის ასიმეტრიულ ურთიერთობებსა და სუვერენიტეტის პრობლემატიკას ეხება. ნანტში კვლევითი ვიზიტის ფარგლებში მას შესაძლებლობა აქვს, იმუშაოს საფრანგეთის დიპლომატიური არქივების ცენტრში დაცულ პირველად წყაროებზე, მათ შორის — ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მოღვაწე ფრანგი დიპლომატებისა და საკონსულო წარმომადგენლობების დოკუმენტებზე. აღნიშნული საარქივო მასალები სადოქტორო კვლევას დამატებით ისტორიულ და საერთაშორისო პერსპექტივას შესძენს და შესაძლებლობას მისცემს მკვლევარს, კანადა-აშშ-ის ურთიერთობების ცალკეული ასპექტები ევროპული დიპლომატიური წყაროების საფუძველზეც შეისწავლოს.
კვლევითი მობილობა ხელს შეუწყობს სადოქტორო ნაშრომის ემპირიული ბაზის გაძლიერებას, საერთაშორისო აკადემიურ გარემოში კვლევითი გამოცდილების გაღრმავებასა და ფრანგ მკვლევრებთან სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას. ამასთანავე, ნანტის უნივერსიტეტსა და საფრანგეთის დიპლომატიურ არქივებში განხორციელებული კვლევა ქმნის შესაძლებლობას, თსუ-ში მიმდინარე სადოქტორო კვლევის შედეგები კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო აკადემიურ კონტექსტში განვითარდეს.