ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრსა და საბავშვო ბაღს „ლარდი” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პროფესიული სტუდენტები პირველი გაცნობითი ვიზიტით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ეწვივნენ.
სტუდენტებს პრაქტიკულ გარემოში პროფესიული დაკვირვების შესაძლებლობა მიეცათ. ისინი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში დააკვირდნენ სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას, გაეცნენ აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების სპეციფიკას, ასევე აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში კითხვა-პასუხის ფორმატში და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი პროფესიული შეკითხვები.
სამუშაო შეხვედრა გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობითა და პოზიტიური შთაბეჭდილებებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტსა და პარტნიორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ ხელმძღვანელის ქრისტინე ჩიხლაძის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის სტუდენტებისა და პროფესიული მასწავლებლებისთვის, გააძლიერონ პრაქტიკული სწავლების კომპონენტი და რეალურ სამუშაო გარემოში განივითარონ პროფესიული უნარები.