eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წარმატებული კარდიოქირურგი თსუ-დან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შორის ვინც საერთაშორისო ასპარეზზე გაითქვა სახელი, მედიცინის სფეროს წარმომადგენელი, კარდიოქირურგი თორნიკე სოლოღაშვილია. იგი ამჟამად ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის გულის თანდაყოლილი მანკების მიმართულების ხელმძღვანელი და პროფესორია. სწორედ თორნიკე სოლოღაშვილია რუბრიკა „უნივერსიტეტელის“  ამჟამინდელი სტუმარი, რომელიც თავისი განვლილი გზისა და მის ცხოვრებაში უნივერსიტიტის  როლზე გვესაუბრება.

 

 ყველაფერი კი  ასე დაიწყო...

 

 „კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრს უკვირდა, თუ რატომ გადავწყვიტე სამედიცინო სფერო ამერჩია, და კიდევ ის, თუ რატომ ვამჯობინე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს. მიზეზი ძალზე მარტივი იყო. უნივერსიტეტელების შვილს სახელმწიფო უნივერსიტეტი უფრო ნაცნობ, თითქმის მშობლიურ გარემოდ მიმაჩნდა. ექიმობა კი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობისას გადავწყვიტე, როდესაც ჩვენი ოჯახის ახლობელი გერმანიაში ჩატარებული ოპერაციის (შუნტირების) წყალობით გადარჩა.  

 

საქართველოში  ოპერაციის შემდგომ დაბრუნებული ჩვენი ახლობელი ჩემმა მშობლებმა მოინახულეს და სახლში გაოცებულნი მოვიდნენ. ჰყვებოდნენ, როგორ გადაუნერგეს ექიმებმა პაციენტს სისხლძარღვები გულზე და როგორ შეუნარჩუნეს სიცოცხლე ამ გზით. ექიმობაზე მანამდეც ვფიქრობდი, მაგრამ ამ ამბავმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა კარდიოქირურგი გავმხდარიყავი.

 

ჩემი მშობლები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ, ხოლო მოგვიანებით უკვე პროფესორ-მასწავლებლებად განაგრძეს საქმიანობა. მამა, ჯემალ სოლოღაშვილი, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მაგისტრატურის დეპარტამენტს და მთლიანობაში დაახლოებით 40 წელი იმსახურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“,- აღნიშნავს თორნიკე სოლოღაშვილი.

 

 თავად თორნიკე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამედიცინო ფაკულტეტზე 2000-2007 წლებში სწავლობდა.

 

„ჩვენმა ლექტორმა  ნოდარ ხოდელმა პირველივე კურსზე გვკითხა, ვის რა სპეციალობის მიღება გვინდოდა. მაშინ საქართველოში კარდიოქირურგია ფაქტობრივად არ არსებობდა.  ერთადერთი რაც კეთდებოდა მარტივი ოპერაციები იყო ქირურგიის ინსტიტუტში.

 

ბატონი ნოდარი დამპირდა, რომ დამსახურების შემთხვევაში ქირურგიის ინსტიტუტში ოპერაციაზე დასასწრებად წამიყვანდა. მოგვიანებით სახელმწიფო უნივერსიტეტმა  სამედიცინო ფაკულტეტისთვის საკუთარ  ბაზად  წმინდა მიხეილის საავადმყოფო შეიძინა. სწორედ იქ, ბატონი ნოდარის მეთაურობით მე და ჩემმა ჯგუფელებმა  საოპერაციო ბლოკი „საგვამე“ ავაშენეთ. ეს იყო ადგილი, სადაც უფრო ინტერნსიურად შეგვეძლო მუშაობა, და რომელიც  ბატონი ნოდარის დახმარებით  სრულად იყო აღჭურვილი  შესაბამისი აპარატურით.  შეგვეძლო გვამებზე ოპერაციის ჩატარება. რთულად დასაჯერებელი იყო რომ საქართველოში იმის საშუალება ჰქონდა სტუდენტს, რისი საშუალებაც ხშირად განვითარებული ქვეყნების კლინიკებშიც კი არა აქვთ“, - გვიყვება თორნიკე.

 

თბილისი-პოზნანი-ჟენევა

 

სწორედ ასეთმა აქტიურმა პრაქტიკამ მისცა საშუალება ახალგაზრდა სპეციალისტს უცხოელ მეცნიერს შეხვედროდა. პროფესორი ავქსენტიოს კალანგოსი, საქართველოში ჰუმანიტარული აქციით გულის თანდაყოლილი მანკის ოპერაციების გასაკეთებლად იყო ჩამოსული. მესამეკურსელი თორნიკე კი კლინიკის ლაბორატორიაში აწარმოებდა სამეცნიერო კვლევებს ცხოველებზე. მას შემდეგ რაც  პროფესორმა თორნიკეს მიერ შესრულებული ოპერაციის ვიდეოჩანაწერი ნახა, ახალგაზრდა ქირურგის ოსტატობით აღფრთოვანდა.

 

2008 წლის შემოდგომაზე  თორნიკე კლინიკა „ღია გულის“ რეკომენდაციით გაემგზავრა პოლონეთში, სადაც  ქალაქ პოზნანის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ცენტრში გულის თანდაყოლილი მანკის განყოფილებაში მუშაობდა. სწორედ აქ გააკეთა, 25 წლის ასაკში, პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია. აქვე კვლავ შეხვდა აქვსენტიუს კალანგოსს, რომელმაც  ახალგაზრდა,   ნიჭიერი ქართველი ექიმი იცნო და შემდგომ თორნიკეს  შვეიცარიაში თავის კლინიკაში გადასვლა შესთავაზა.

 

2010 წლიდან თორნიკე ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგია. ჟენევაში ერთი წლით წასული სოლოღაშვილი რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ კლინიკაში დარჩა და მას შემდეგ დღემდე ოპერაციებს ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში ატარებს.

ამას გარდა, აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარულ მისიებში, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება აფრიკაში. ხშირად ჩამოდის საქართველოში და უსასყიდლოდ აკეთებს ოპერაციებს. საქველმოქმედო ოპერაციებს აკეთებენ ის ექიმებიც, რომლებიც თორნიკეს ჩამოჰყავს. განსაკუთრებით რთული შემთხვევების დროს პაციენტები საზღვარგარეთაც მიჰყავს.

 

სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის თორნიკე სოლოღაშვილს საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენი მიენიჭა. არის  მცხეთის საპატიო მოქალაქე. ქართველ კარდიოქირურგს 2018 წელს, ჟენევაში მიენიჭა მედიცინის დოქტორის ხარისხი. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

 

„ჟენევის უნივერსიტეტის  პროფესორი ვარ და იქაც გვაქვს რეზიდენტების ცენტრი. განვითარებულ ქვეყნებში უფრო და უფრო რთულდება ოპერაციების ჩატარება. მით უფრო, როცა ოპერაციების დიდი ნაწილი უკვე უსისხლოდ, ტარდება.  იმის დაგეგმარება, რაც ჩვენთან სასწავლო ოპერაციების სახით კვირაში სამჯერ იყო შესაძლებელი,  ევროპაში თვეში ერთხელ  ხერხდებოდა. ის რისი საშუალებაც და პოტენციალიც ამ ფაკულტეტს აქვს, ბევრს არ გააჩნია და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით.  შესაბამისად ვფიქრობ არანაირი ობიექტური მიზეზი არ არსებობს საიმისოდ, რომ მსგავსი პოტენციალის მქონე და ტრადიციული ფაკულტეტი გაქრეს და დაიხუროს“, -მიიჩნევს თორნიკე სოლოღაშვილი.

 

როგორც ცნობილი კარდიოქირურგი ამბობს, იგი მზადაა ხელი შეუწყოს ნიჭიერ ახალგაზრდა ქირურგებს და გარკვეულწილად გეზიც მისცეს მათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ჯაბა სამუშიასთან  შეხვედრისას ქართველი ექიმის კარიერულ წინსვლაში თსუ-ის დიდი წვლილის გარდა,  სწორედ სტუდენტების დახმარებისა და კონსულტირების საკითხზეც  ისაუბარეს. წარმატებული კურსდამთავრებულის სტატუსით  თორნიკე უნივერსიტეტს ცოტა ხნის წინ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილის მიწვევით ესტუმრა. ცნობისათვის, უახლოეს პერიოდში იგეგმება  სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კონფერენციაც.

 

ყველაზე მეტად იმ თვისებებს შორის რომელიც, გამოცდილი ექიმის აზრით, მომავალ კარდიოლოგს/კარდიოქირურგს სჭირდება, მაღალი პასუხისმგებლობა, ზუსტი და ანალიტიკური აზროვნება, ყურადღებიანობა დეტალების მიმართ, სტრესის მართვის უნარი, გუნდური მუშაობა და ემპათია სჭირდება. მისი თქმით, ასევე, აუცილებელია მუდმივი სწავლა და პროფესიული განვითარება, რადგან ეს სფერო მუდმივად ვითარდება.

თარიღი: 23/06/2026