თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებს ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილე მიულოცა და მის სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ვულოცავთ ინსტიტუტის თანამშრომლებს ამ მნიშვნელოვან თარიღს და ვუსურვებთ ახალ სამეცნიერო მიღწევებს, წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობასა და ახალგაზრდა მკვლევართა ახალი თაობების აღზრდას. ინსტიტუტის საქმიანობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამეცნიერო ტრადიციები და თანამედროვე კვლევები უნივერსიტეტისა და ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია“.
იუბილეს ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართა, რომელშიც ქართველებთან ერთად ესპანელი, ნიდერლანდელი, კორეელი, ბულგარელი, ბრიტანელი, შვედი და გერმანელი სპეციალისტები მონაწილეობენ. თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ დიმიტრი კორძაიას თქმით, სიმპოზიუმზე წარმოდგენილი მოხსენებები ბიომედიცინასა და სხვა მომიჯნავე დარგებში არსებულ სიახლეებს, კოლეგებისთვის მათ გაზიარებას და პრაქტიკაში დანერგვას ეხება. ღონისძიების მსვლელობისას გაიხსნა ალექსანდრე ნათიშვილის ბიუსტი.
სახელმწიფოს წინაშე მორფოლოგიის ინსტიტუტის დამსახურებაზე ისაუბრა და თანამშრომლებს იუბილე მიულოცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძემ.
1946 წელს დაარსებულმა ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიოსამედიცინო მეცნიერებების განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.