თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში, გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ბორჯომის კოლექცია. ღონისძიება ეძღვნება ბიბლიოთეკარის დღეს და ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ტარდება.
ბორჯომის სასახლის ბიბლიოთეკის უნიკალური კოლექცია 1921 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საგანძურთან ერთად ევროპაში გაიტანა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1936 წელს სამშობლოში დააბრუნა. კოლექცია მოიცავს გამორჩეულ გამოცემებს ბოტანიკაზე, საქართველოს ეკლესიასა და წმინდანებზე, საფრანგეთის ისტორიასა და ხელოვნებაზე, ასევე ალბომებს, რუკებს, ატლასებსა და მხატვრულ ლიტერატურას სხვადასხვა ენაზე. თაყაიშვილის სურვილის საფუძველზე კოლექცია თსუ ბიბლიოთეკას გადაეცა და დღეს უნივერსიტეტის დაცულ ფონდებში ინახება.
თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა: „მინდა ყველა ბიბლიოთეკარს მივულოცო პროფესიული დღე. ამ დღესთან დაკავშირებით, თსუ ბიბლიოთეკაში გამოიფინა ბორჯომის ბიბლიოთეკის უნიკალური კოლექცია, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა საგანძურთან ერთად გაიტანა ევროპაში. ეს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობაა. ეს კოლექცია წარმოადგენს საგანძურს არა მხოლოდ თსუ-სთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.“
ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, ასევე, თსუ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ცნობილი მეცნიერის ოთარ ჯაფარიძის მემორიალური კაბინეტი, რომელიც მიზნად ისახავს მისი მდიდარი სამეცნიერო მოღვაწეობის პოპულარიზაციას. ოთარ ჯაფარიძე იყო 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე და 1991 წელს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მისი პირადი ბიბლიოთეკა, არქივი და მემორიალური ნივთები ოჯახმა 2020 წელს თსუ ბიბლიოთეკას გადასცა.
დაჯილდოვდნენ ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის წევრები და აქტიური მკითხველი სტუდენტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - თინათინ ნიბლოშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - ლადო ბოჟაძე; ბიბლიოთეკარები, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.