ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს გიორგი წერეთლის მიერ არმაზის ბილინგვის არამეული ტექსტის წაკითხვისა და პირველი სამეცნიერო გამოცემის შესახებ ისაუბრა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ. მან ხაზი გაუსვა არმაზის ბილინგვაზე არსებული არამეული ტექსტის მნიშვნელობას არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო მეცნიერებისთვის, ასევე, საქართველოში წინაქრისტიანული ხანის კულტურულ-ისტორიული ვითარების კვლევისა და რეპრეზენტაციისათვის.
ღონისძიებაზე გაიმართა გიორგი წერეთლის ნაშრომის - 1942 წელს ქართულ-ინგლისური გამოცემის მიხედვით ხელახლა მომზადებული წიგნის პრეზენტაცია. წიგნი ხელახალი პუბლიკაციისთვის მოამზადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის არაბისტმა დოქტორანტმა ლადო ზირაქაშვილმა.
ნაშრომი წარმოადგენს 1940 წელს არმაზში (მცხეთის მახლობლად) არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ორენოვანი სტელის (ბერძნულ-არამეული ბილინგვა) არამეული ტექსტის წაკითხვასა და პირველ სამეცნიერო გამოცემას ფილოლოგიურ-ისტორიული კომენტარებით.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორები, სტუდენტები, ენათმეცნიერებითა და აღმოსავლეთმცოდნეობით დაინტერესებული პირები.