საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანანო ბასილაია

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელა.

ანანო ბასილაია მონაწილეობდა ზუსტ მეცნიერებათა საერთაშორისო კონფერენციაში ტაილანდში და საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადაში ისრაელში.

თავიდანვე ძირითადად გამოყენებითი მათემატიკით – ალბათობა და სტატისტიკით–  დაინტერესებულმა მეორად პროფესიად სოციოლოგია აირჩია.

ბაკალავრიატის ოთხმა კურსმა (2014 -2018წწ) წარმატებით ჩაიარა – 2018 წლის კურსდამთავრებულებს შორის ანანო პირველი იყო საშუალო ქულის მიხედვით. სტუდენტებმა იგი აირჩიეს  ფაკულტეტის წარმომადგენლად უნივერსიტეტის სენატში, ორი წელი მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაცია/ავტორიზაციის ექსპერტად. ჩართული იყო USAID -ის მიერ დაფინანსებულ G4G (Governing for Georgia) აქტუარ-ანალიტიკოსის ექვს საფეხურიანი სერტიფიცირების პროექტში.

მაგისტრატურის საფეხურზე საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად ინგლისურის (IELTS) და მათემატიკის (GRE Mathematics) გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ 2018–2019 სასწავლო წლიდან მიიღო სწავლისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების სრული დაეფინანსება ბონისა და უტრეხტის უნივერსიტეტებისგან. არჩევანი უტრეხტის უნივერსიტეტზე შეაჩერა.

ანანო ბასილაია: “ პირველი საკმაოდ რთული და დატვირთული წლის შემდეგ, თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად წარმატებით ჩავაბარე ყველა საგანი. მივიღე შემოთავაზება და გავხდი სტუდენტი–ასისტენტი საგანში „სტოქასტური პროცესები“.

ამჟამად ვმუშაობ სამაგისტრო ნაშრომზე ფინანსურ კომპანია „რისკო“-ში, ვიკვლევ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ჰოლანდიის ინფლაციის პროგნოზირებისთვის. მყავს ორი ხელმძღვანელი, რომლებიც ასევე გვერდში მიდგანან და ხელს მიწყობენ ამ რთული გზის გავლაში.

სტუდენტური ცხოვრება აქაც დატვირთულია ბევრი სოციალური აქტივობით – ვარ ცეკვის სტუდენტური ასოციაციის წევრი.  პატივი მქონდა წარმედგინა უტრეხტის უნივერსიტეტის მათემატიკის სამაგისტრო პროგრამა უნივერსიტეტის სარეკლამო ვიდეოში.

 დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ყოველი დღე სავსეა საქართველოს მონატრებით – იმედი მაქვს აქ დაგროვილ ცოდნას გამოვიყენებ ჩემი სამშობლოსთვის“.

თარიღი: 17/02/2022