Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი პროფესიით ახალი გეგმებისკენ

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული პროგრამის „საფინანსო სერვისები“ სტუდენტი ელენე-ნინო მაისურაძე USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ დახურვის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე საკუთარი ნაკეთობებით წარსდგა.

 

ღონისძიებას აშშ ელჩი რობინ დენიგანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლები, მეწარმე ქლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. 

 

საახალწლო სუვენირები და დეკორაციები, ეპოქსიდის და სანთლის ნაკეთობები ელენე-ნინოს აქამდეც არაერთხელ გამოუფენია მშობლიურ ქალაქ თელავში, თუმცა თბილისში პირველად მიეცა საშუალება წარმოეჩინა საკუთარი შემოქმედება. ახალ ქალაქს ახალი შესაძლებლობები მოყვა. პროფესიულ სტუდენტს თბილისში ერთ-ერთმა დიდმა ქსელმა ნაკეთობების რეალიზაცია შესთავაზა. 

 

19 წლის სტუდენტს ყველა წამოწყებაში დედა, ნინო მაისურაძე უჭერს მხარს. როგორც მან აღნიშნა, სუვენირები და დეკორაციები მათ ცხოვრებაში თექაზე მუშაობისას შემოვიდა. ნინო მაისურაძემ თელავში შშმ ბავშვების მშობელთა ორგანიზაცია „ლამპარი“ ჩამოაყალიბა, რომელიც პანდემიის პერიოდში მათთვის პროექტს ახორციელებდა. ბავშვებს თექაზე მუშაობას ასწავლიდნენ, ინტერესი დედა-შვილმაც გამოხატეს და პირველი ნაკეთობებიც თექისგან დაამზადეს. მოგვიანებით უკვე ეპოქსიდსა და ცვილზე გადაერთნენ. რეგიონში მათ ნაკეთობებს კარგად იცნობენ, ონლაინ გაყიდვებიც ააწყვეს. 

 

მოგვიანებით, ელენე-ნინოს მონაწილეობას კონრად ადენაუერის ფონდის პროექტში ბრიუსელში ვიზიტი, ახალი ცოდნის მიღება, ბიზნეს პროექტებისადმი ინტერესი და ახალი იდეები მოყვა. დღეს ახალი გეგმებით დიდი ნაბიჯისთვის ემზადება. სოციალური საწარმო, სადაც შშმ ახალგაზრდები დასაქმდებიან და, თვითრეალიზაციასთან ერთად, შემოსავლების მიღებას შეძლებენ. ელენე-ნინო მაისურაძის თქმით, გეგმების განხორციელებაში პროფესიული განათლება დიდ როლს შეასრულებს. სამომავლოდ, კიდევ სხვა პროფესიების დაუფლებაც სურს.

 

 USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ დახურვის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობამ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტი მეტად დაარწმუნა, რომ ახალი პროფესია მისი მომავალი წარმატების საწინდარია და მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამომავლო გეგმების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება.

თარიღი: 04/12/2023