Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნანა შათაშვილი
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1959

ნანა შათაშვილი დაიბადა 1959 წელს. 1975 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. 1980 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სრული 5-წლიანი კურსი. 1972-1976 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიის III სამუსიკო სკოლასთან არსებულ საერთო განათლების სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს განხრით. 1980-1984 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტურაში სპეციალობით ,,თეორიული ფიზიკა’’. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,კინეტიკური ეფექტების ზეგავლენა ლენგმიურის ტალღების არაწრფივ დინამიკაზე’’ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,მაგნიტო-ჰიდროდინამიკური დინებები ორ-სითხოვან პლაზმაში’’ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის სამეციერო ხარისხი. 1980 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ხანგრძლივი დროით მუშაობდა, როგორც მიწვეული პროფესორი/მკვლევარი, უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ჩართული იყო ყველა საუნივერსიტეტო თუ სამეცნიერო აქტივობაში (ხელმძღვანელობდა სტუდენტების სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომებს, კითხულობდა სალექციო კურსებს, იყო დაცვის კომისიების წევრი, თავმჯდომარე, მიჰყავდა სემინარები და ა.შ). მათ შორის: ტოკიოს უნივერსიტეტში (The University Of Tokyo, იაპონია), ჩალმერსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (შვედეთი), აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (Abdus Salam ICTP, ტრიესტი, იტალია), ალკალა დე ჰენაარესის უნივერსიტეტში (მადრიდი, ესპანეთი), ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში (UBC, ვანკუვერი, კანადა). 2009 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყვლო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი, ხოლო 2013 წლიდან - ამავე დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგე. 2014 წლიდან არის საქართველოს განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის ,,ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შემუშავების’’ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და სამეცნიერო პრემია, კერძოდ: 1977-1978 წლებში ფლობდა რუსთაველის სტიპენდიას (თსუ), 1978-1980 წლებში ლენინის სტიპენდიას (თსუ), 1993 წელს ფლობდა - The American Physical Society Grant (Founded For FSU Scientist / Individuals, 1998-2010 წლებში - Regular Associate At The Abdus Salam International Centre For Theoretical Physics (ICTP), Trieste, Italy (Renewal OF Award For The Period Of 2004-2009, Extended Till 31.12.2010). 2011-2015 წლებში - Senior Associate At The Abdus Salam International Centre For Theoretical Physics (ICTP), Trieste, Italy. განხორციელებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო საგრანტო პროექტი. მათ შორის: 2010-2012 წლებში - შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდისა ფიზიკის ინსტიტუტის პროექტი: ,,დინებისა და გრიგალური სტრუქტურების დინამიკა და გენერაცია მრავალკომპონენტიან პლაზმაში’’. 2006-2009 წლებში იყო პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პროექტის - ,,მოწესრიგებული სტრუქტურების ფორმირება და პლაზმური დინების გენერირება მაგნიტურად ჩაჭერილ პლაზმაში’’. თანამშრომლობს 10-მდე უცხოეთის სამეცნიერო ცენტრთან და უნივერსიტეტთან. მიწვეული იყო არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში. მათ შორის: Invited Lecturer – Joint ICTP-IAEA College On Plasma Physics, August 18-29, 2014, AS ICTP, Trieste, Italy. Invited Speaker – ICTP After 45 – Science And Development For A Changing World. Abdus Salam ICTP 8-10 November, 2010, Trieste, Italy. Invited Speaker – Workshop On Theoretical Plasma Physics (Flowing Plasma), ICTP, Triestte, Italy (2002) - ამ ვორკშოფზე მის მიერ კოლეგებთან ერთად შემოთავაზებული ვარსკვლავთა ატმოსფეროს გაცხელების თეორია აღიარებულ და მოწონებულ იქნა მზის ფიზიკის ლიდერი თეორეტიკოსის - იუჯინ პარკერის (E. Parker) მიერ. სწორედ პარკერთან ხანგრძლივი სამეცნიერო დისკუსიის შემდგომ, მისივე შემოთავაზებით, შემდგომში აგებულ იქნა დინებების აჩქარების/გენერაციის თეორია კოლეგებთან ერთად. პროფესორ ნანა შათაშვილის ძირითადი სამეცნიერო ინტერესებია: თეორიული პლაზმური ასტროფიზიკა, არაწრფივი მაგნიტური ჰიდროდინამიკა, მაგნიტო-სითხური ბმების თეორია, მზის ფიზიკა, დისკი-ჯედის სისტემების ფიზიკა, რელატივისტური პლაზმის დინამიკა, კომპაქტური ობიექტების ფიზიკა. პროფესორ ნანა შათაშვილს მიერ შემოთავაზებული თეორიები და აღიარებული ძირითადი სამეცნიერო შედეგებია: ვარსკვლავთა ატმოსფეროებში ჩაკეტილი სტრუქტურების ერთდროული ფორმირებისა და პირველადი გაცხელების და ასევე დინების აჩქარების/გენერაციის მაგნიტო-სითხური ბმების განზოგადებული თეორია. დიდ-მასშტაბიანი მაგნიტური ველის გენერაციის თეორია მძლავრი გამოსხივებით. განზოგადებული ბელტრამის დინების მოდელი დისკი-ჯედის სისტემის ფორმირების უნივერსალური ბუნების ასახსნელად. გამოქვეყნებული აქვს 63 სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 40-მდე მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა და თანამშრომლობის პროექტის თანაორგანიზატორი, ასევე მიწვეული რეფერი არაერთი მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალისა. ნანა შათაშვილი არის საქართველოს ფიზიკოსთა საზოგადოების წევრი და თბილისის ებრაული სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: ფიზიკოსი