3 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით პროფესიული განათლების III საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“ გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები.
ყოველწლიური კონფერენციის მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, გამოწვევების, სიახლეების და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიულმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, პროფესიულმა მასწავლებლებმა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა სხვადასხვა პროფესიული განათლების სასწავლებლებიდან საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.
როგორც თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, მისასალმებელია, რომ კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მეცნიერები ერთმანეთს უზიარებენ და მსჯელობენ პროფესიული განათლების იმ საკითხების და სირთულეების თაობაზე, რომლებიც დღეს დგას ქვეყანაში. “მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ეს კონფერენცია მესამედ ტარდება და უკვე საერთაშორისო კონფერენციის სტატუსი შეიძინა. კონფერენციის მონაწილეები არიან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები. თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს არის პროფესიულ განათლებაში ინტეგრირება სხვადასხვა მიმართულებებისა. იმიტომ, რომ ეს არის ინტერდისციპლინური კონფერენცია”,-აღნიშნა რექტორმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ბაია კვიციანის თქმით, სამინისტროსთვის, როგორც, ზოგადად, პოლიტიკის განმსაზღვრელისა და პროფესიული განათლების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების და პლატფორმების არსებობა. “ცნობიერების ამაღლების კუთხით ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს მსგავსი კონფერენციები, განსაკუთრებით, იმ გამოწვევების ჭრილში, რაც ჩვენ გვაქვს განათლების სისტემის ტრანსფორმაციის ერაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და წარმატება ვუსურვო,“-განაცხადა ბაია კვიციანმა.
თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღანელის ლევან წიქარიძის აზრით, პროფესიული განათლების კონფერენცია მართლაც მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა რადგან აქ ხდება მსჯელობა იმ სიაახლებსა და გამოწვევებზე, რაც ამ პროფესიული განათლების სფეროში იკვეთება. “მოხარული ვართ, რომ კონფერენციის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. წელს გვყავს უცხოელი მომხსენებლებიც. ვფიქრობთ, მომავალი წლის კონფერენცია კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იქნება როგორც მონაწილეების, ასევე თემატიკის თვალსაზრისით”,-დასძინა ლევან წიქარიძემ.
კონფერენცია 2024 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგელნები იღებენ. 2026 წლიდან კონფერენცია საერთაშორისო გახდა და პირველად იქნებიან წარმოდგენილი უცხოელი პარტნიორები. წელს საქართველოს გარდა კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ესპანეთიდან, ესტონეთიდან, ბოცვანას რესპუბლიკიდან.
ვიგოს პროფესიული განათლების ცენტრის (ესპანეთი) საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი ვანესა რესუა ეირასი იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა თსუ პროფესიული განათლების ცენტრთან მასშტაბური იქნება. “თსუ-თან ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაკავშირებს უმაღლესი განათლების საფეხურზე, ახლა კი გვსურს, ეს კარგი ურთიერთობა პროფესიული განათლების დონეზეც გავაფართოვოთ. კონფერენციაზე ვისაუბრე თუ რას წარმოადგენს ჩვენი პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე Erasmus+-ის სტაჟირებებზე პარტნიორ კომპანიებში მთელი ევროპის მასშტაბით. ძალიან მიხარია აქ ყოფნა და მინდა მადლობა გადავუხადო თსუ-ს ამ კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის”, - აღნიშნა მან.
კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას გამოცდილების გაზიარებისთვის, ინოვაციური მიდგომების განხილვისა და პროფესიული განათლების განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის გლობალურ კონტექსტში.
2026 წელს კონფერენციის მიმართულებები იყო:
პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია
ციფრული უნარების განვითარება
კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა
ინკლუზიური და ხელმისაწვდომი განათლება - თანამედროვე გამოცდილება
სტუდენტზე ორიენტირებული ინოვაციური სწავლება
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელები - კეთებით სწავლება
მომავლის კომპეტენციების იდენტიფიცირება და განვითარება პროფესიულ განათლებაში (ციფრული, „მწვანე“ და რბილი უნარები);
პროფესიული განათლება და შრომის ბაზარი - თანამედროვე ტენდენციები
საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებული მოდელები (მაგ., Erasmus+ მობილობა) პროფესიულ განათლებაში;
ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე — პრაქტიკული გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები;
სტრატეგიული პარტნიორობების განვითარება განათლებასა და ინდუსტრიას შორის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
4 ივლისს კონფერენციის მონაწილეები კახეთს ესტუმრნენ. ექსკურსიის ფარგლებში ისინი ეწვივნენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს - გრემის კომპლექსს. ექსკურსია სოფელ გრემში სოციალურ საწარმოში ,,თემი“ საქველმოქმედო ვიზიტით დასრულდა.