თსუ პროფესიული პროგრამის "საფინანსო სერვისები" (ქუთაისი) სტუდენტური პროექტი „AML/KYC Simulation Training: ციფრული ფინანსური უსაფრთხოების პრაქტიკული ტრენინგი პროფესიული სტუდენტებისთვის“ საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა სტუდენტებისთვის მიეღოთ ახალი ცოდნა საფინანსო ბაზრის შესახებ და გაეზიარებინათ პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება.
პროექტის ფარგლებში პროფესიული სტუდენტები რეალურ პროფესიულ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გაეცნენ გლობალური, თანამედროვე ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას – AML/KYC-ს (ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია, კლიენტის იდენტიფიკაცია და რისკზე დაფუძნებული მიდგომები).
პროფესიული პროგრამის "საფინანსო სერვისები" (ქუთაისი) ხელმძღვანელის ხათუნა ტყეშელაშვილის განმარტებით, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ სიმულაციებთან, ქეისების ანალიზთან და სფეროს პრაქტიკოსების გამოცდილებასთან შერწყმით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროფესიული განათლების მთავარი ღირებულება პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებაა.
მისი თქმით, სტუდენტური პროექტი, რომელიც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის დაფინანსებით განხორციელდა, ასევე მხარდაჭერილი იყო „კრედო ბანკის“ მიერ. “სწორედ ბანკთან თანამშრომლობით შეძლეს სტუდენტებმა გაევლოთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ტრენინგი, და რეალურ სამუშაო გარემოში შეესწავლათ პროფესიული უნარები. მადლობა პროექტის ავტორ და ხელმძღვანელ სტუდენტებს, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი აღნიშნული ინიციატივის მიმართ. მჯერა, მსგავსი პრაქტიკული პროექტები მომავალშიც ხელს შეუწყობს თანამედროვე პროფესიული განათლების განვითარებას, სტუდენტების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ფინანსური სექტორისთვის კვალიფიციური, პასუხისმგებლიანი კადრების მომზადებას”,-აღნიშნა ხათუნა ტყეშელაშვილმა.
პროექტი კონკურსში წარადგინეს პროფესიული პროგრამის „საფინანსო სერვისები“ სტუდენტებმა შოთა გიორხელიძემ, გიორგი ტყემალაძემ, გვანცა ცხადაძემ, მარიამ გაბედავამ და ქეთევან საღინაძემ.