ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრს თურქული კომპანია „Festo Didactic“ ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვაში დაეხმარება.
13-14 თებერვალს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე კომპანია Festo Didactic-ის მიწვევით ქ. სტამბულში FESTO-ს ლაბორატორიას ეწვია. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია გაეცნო იმ ინდივიდუალურ პროგრამებს, რომელსაც თურქული კომპანია ქმნის პროფესიული და სამრეწველო სწავლებისთვის, ასევე დეტალურ ინფორმაციას მის მიერ წარმოებულ თანამედროვე აღჭურვილობაზე, ციფრულ პლატფორმებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც გამოიყენება პრაქტიკული სწავლების მხარდასაჭერად. კომპანიის მთავარი მიმართულებებია: მექატრონიკა, ავტომატიზაცია, ინდუსტრია 4.0, სითხის დინამიკა (პნევმატიკა და ჰიდრავლიკა), ელექტრო ინჟინერია და ა.შ. საქართველოდან შეხვედრებში თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის საზღვაო აკადემიის, გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის და კომპანია “სოფთმასტერი”-ს წარმომადგელები.
ვიზიტისას კომპანია „Festo Didactic“-ის მენეჯმენტმა მზაობა გამოხატა თსუ პროფესიული განათლების ცენტრს დაეხმაროს ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვაში შემდეგი მიმართულებით: მექატრონიკა, ავტომატიზაცია, ინდუსტრია 4.0, ელექტრო ინჟინერია, განახლებადი ენერგო რესურსების მოპოვება და ტექნიკური ექსპლუატაცია. ცენტრის ხელმძღვანელის ლევან წიქარიძის განცხადებით, ზემოხსენებულ სპეციალისტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზრებზე.
Festo Didactic წლებია მხარდაჭერას უცხადებს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამრეწველო კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით. ამასთან, 1991 წლიდან Festo Didactic არის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია WorldSkills-ის პარტნიორი.