დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №61/2016 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127/2013 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №61/2016
24   ივნისი  , 2016

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127/2013 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57–ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,წ“ ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს 23.06.2016, №21002/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127/2013 დადგენილებაში და დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესი“-ს:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. არჩევნების გამოცხადება
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (შემდგომში - სენატი) წევრთა არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო.
2. აკადემიური საბჭოს სამართლებრივი აქტი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების შესახებ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.“

 ბ) მე-2 მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 7 წევრისაგან. საარჩევნო კომისიის წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“
გ)  მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საარჩევნო კომისია არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებების სრულყოფილად ორგანიზების მიზნით უფლებამოსილია შექმნას შესაბამისი საარჩევნო ქვეკომისიები.“

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სენატი აირჩევა 4 წლის ვადით უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ამ ერთეულებზე სენატის არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. სენატის შემადგენლობაში ასევე შედიან საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლები.“

ე) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევიან:  
ა) აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები - ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ;
ბ) სტუდენტების წარმომადგენლები - ფაკულტეტის ყველა სტუდენტის მიერ;
გ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლები - დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრის მიერ.“

ვ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები.

ზ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრა
1. სენატის წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. 
2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.“
 
თ) მე-7 მუხლის: 

თ.ა) 1-ლი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სენატში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი. 
2. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული დოქტორის ხარისხის მქონე აკადემიური პერსონალის ყველა წევრი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელს ირჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრი.
3. სენატში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენ ადგილზეც გამოცხადდა არჩევნები. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე 1 კანდიდატი.
4. იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრაში მონაწილე კანდიდატებმა მიიღეს ხმების თანაბარი ოდენობა და ვერ ხერხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა თანაბარი ხმების მქონე კანდიდატებს შორის ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით. განმეორებითი კენჭისყრა ტარდება არა უგვიანეს 5 დღის ვადაში და მისი ჩატარების ზუსტ დროსა და ადგილს განსაზღვრავს საარჩევნო კომისია.“

თ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. წინასაარჩევნო აგიტაციამ და კამპანიამ არ უნდა შეუშალოს ხელი უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესს.“
ი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. საარჩევნო სიები
პერსონალის მართვის, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის, შესაბამისი ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინების საფუძველზე საარჩევნო სიებს ამტკიცებს საარჩევნო კომისია.“

კ) მე-10 მუხლის:
კ.ა) მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესაბამისი ფაკულტეტის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სახელწოდება;“.

კ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა ამომრჩეველზე, მხოლოდ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.“

ლ) მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;“.

მ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) იმ ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.“

ნ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. დარღვევის ოქმი
არჩევნების დღეს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი, შესაბამისი ფაკულტეტის ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს დარღვევის ოქმი,რომელშიც მიეთითება:
ა) ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის სტატუსი;
გ) დარღვევის შინაარსი;
დ) დარღვევის დაფიქსირების დრო;
ე) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა ან აღნიშვნა მის ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ;
ვ) ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა;
ზ) ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.“

ო) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. არჩევნების შედეგების გამოცხადება
არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს, არა უგვიანეს 23:00 საათისა. საარჩევნო კომისია ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნების შედეგების აქტი.“

პ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრს, შესაბამისი ფაკულტეტის ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივარი არ მიიღება.“

2. წინამდებარე დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს. 
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას. 
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
 6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე 
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე