2020-09-16

საერთაშორისო კონფერენცია „სოციალური ერთობა შავი ზღვის რეგიონში“

საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „სოციალური ერთობა შავი ზღვის რეგიონში“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორი შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი (BSUN) იყო ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად. კონფერენციას, რომელსაც  ესწრებოდნენ ბუქარესტის უნივერსიტეტის რექტორი მარიან ფრედა, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი, BSEC-ის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე რობერტა ალმა ანასტასე  და სხვა ოფიციალური პირები, BSUN-ის პრეზიდენტმა პერიკლეს მიტკასმა გახსნა. ონლაინ კონფერენციაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გიორგი შარვაშიძე გამოვიდა სიტყვით. 
გიორგი შარვაშიძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონის თავისებურებებზე, როგორებიცაა მრავალეთნიკურობა, გაზსადენებისა და სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა და აქცენტი გააკეთა  იმ წვლილზე, რომელიც რეგიონს შეაქვს ევროპაში კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. რექტორმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კოვიდ19-ის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებზე, რამაც საფრთხე შეუქმნა შარვაშიძის თქმით, აუცილებელია უნივერსიტეტებმა ახალი ნიშა მონახონ გამოწვევებთან ბრძოლის და სოციალური თანასწორობის გაძლიერების გზაზე. მან კონფერენციის მონაწილეებს სოციალური თანადგომის ქართული მაგალითების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონში ეპიდემიოლოგებს მოსახლეობასთან კომუნიკაციაში ეხმარებოდნენ. სოციალური სოლიდარობის კარგი მაგალითი აჩვენეს თსუ-ს პროფესორებმა, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, როდესაც თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეძლეს გასულ სემესტრში სწავლების დისტანციურ რეჟიმში დაწყება.  
თსუ რექტორის განმარტებით, ეპიდგარემომ ყველაზე მეტად განათლების ინტერნაციონალიზაციას შეუქმნა საფრთხე, რადგან  სტუდენტებისა და პროფესორების მობილობა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების თუ ზოგადად, განათლების ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი ქმედითი საშუალება იყო. თუმცა,  შარვაშიძის თქმით, ამ სირთულემ დადებითიც მოიტანა - უნივერსიტეტების დიდმა ნაწილმა, მათ შორის თსუ-მ უნიკალური  სამეცნიერო-საგანმანათლებლო ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომი გახადა ყველასთვის. 
რთულმა ეპიდგარემომ კიდევ ერთი თვალისაზრით მოიტანა სიახლე - პანდემიამ დისტანციური განათლება რეალობად აქცია. ყველა ქვეყანაში ეროვნული კანონმდებლობის დონეზე რეგულირდებოდა და რიგ შემთხვევებში იზღუდებოდა კიდეც დისტანციური სწავლება. კოვიდ19-ის გავრცელებისთანავე კი აუცილებელი გახდა კანონმდებლობების გადახედვა და დისტანციურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.  
შავი ზღვის უნივერისტეტების ქსელის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას ერთობის წევრი უნივერსიტეტები, განათლების ექსპერტები, საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იღებენ.



Print

« იხ. ყველა სიახლე