ზუსტ და საბუმებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს აქვს მდიდარი და მოქნილი აკადემიური ორგანიზაცია. მაღალკვალიფიციური პროფესორ მასწავლებები და მზარდი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა საუკეთესო პირობებს ქმნის კონკურენტუნარიანი პროფესიონალების ჩამოყალიბებისთვის.

დღეისათვის ფაკულტეტი შეიცავს რვა დეპარტამენტს: მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის გეოგრაფიის კომპიუტერული მეცნიერებების, ბიოლოგიის გეოლოგიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტებს. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს 11 საბაკალავრო, 18 სამაგისტრო და 10 სადოქტორო პროგრამა. პროგრამათა ნაწილი შემუშავებულია უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე, ხოლო ზოგიერთი პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ უცხოელი პროფესორები. საბაკალავრო პროგრამაში ”კომპიუტერული მეცნიერებები-ფრანგულ ქართული” გაიცემა ორი დიპლომი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ვერსალის უნივერსიტეტის დიპლომები; სამაგისტრო პროგრამის „სამედიცინო მოლეკულური ბიოლოგია“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს ასევე ენიჭებათ ორი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხები; სადოქტორო პროგრამებიდან რამოდენიმე არის ერთობლივი და ხორციელდება უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში. ფაკულტეტზე მუშაობს 32 სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია, 18 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და 3 სასწავლო (გადამზადების) ცენტრი.


ფაკულტეტი განსაკუთრებით გამოირჩევა სამეცნიერო მიღწევებით. 39 სამეცნიერო მიმართულებაზე მიმდინარე სამუშაოები მოიცავს კვლევების ფართო სპექტრს. ფაკულტეტზე სრულდება ეროვნული სამეცნიერო ფონდისა საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებული მრავალი სამეცნიერო პროექტი. 2008-2011 წლებში საერთაშორისო და ადგილობრივი სტიპენდიები მიიღო 20 მეცნიერმა და სტუდენტმა. საშუალოდ წელიწადში მაღალრეიტინგულ იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში ქვეყნდება 80 სამეცნიერო ნაშრომი. მრავალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაცია არის დაპატენტებული. სისტემატიურად ტარდება საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციები, სამეცნიერო სემინარები თანამშრომლებისა და დოქტორანტების მონაწილეობით.

ფაკულტეტის თანამშრომლების მიერ მზადდება სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები. განახლებული სალექციო კურსები სტუდენტებს მიეწოდებათ ელექტრონული სწავლების სისტემის საშუალებით.

ფაკულტეტის სტუდენტები სისტემატიურად მონაწილეობენ მათემატიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში და აღწევენ სერიოზულ წარმატებებს. ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები ჩაბმული არიან სამენიერო საქმიანობაში. მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში, ეწევიან სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას უცხოეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში. ყოველწლიურად ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების ფონდიდან ხდება წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოება, სწავლისა და მივლინებების დაფინანსება. ფაკულტეტზე გაიცემა ორი სახელობითი სტიპენდია.

ფაკულტეტზე ინტენსიურად მუშაობს საბავშვო უნივერსიტეტი, რომლის მიზანია მოსწავლეების მეცნიერებით დაინტერესება. მოსწავლეები ისმენენ საჯარო პოპულარულ ლექციებს, უტარდებათ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები, საველე პრაქტიკები და ექსკურსიები; მონაწილეობენ ოლიმპიადებსა და ვიქტორინებში. საზაფხულო არდადეგების პერიოდში ფაკულტეტი აწყობს რამდენიმე საზაფხულო სკოლას.

ყოველწლიურად უმჯობესდება ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა; საუნივერსიტეტო, ეროვნული და საერთაშორისო ფონდების საშუალებით შეძენილ იქნა უმნიშვნელოვანესი ხელსაწყოები. თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა კომპიუტერული კლასები და ლაბორატორები.