“ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მეორე მსოფლიო კონგრესი”

“ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მეორე მსოფლიო კონგრესი”
2017 წლის 19-22 იანვარ საფრანგეთი ქ. კანი

 2017 წლის 19-22 იანვარს საფრანგეთში ქ. კანში ჩატარდა “ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მეორე მსოფლიო კონგრესი”, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ  ორსულობის განმეორებითი დანაკარგების, ამ მეტად აქტუალური პრობლემის, სფეროში მომუშავე 48 ქვეყნის წამყვანი ექსპერტები და დაინტერესებული ექიმები. კონგრესს ესწრებოდა 15 მონაწილე საქართველოდან და მათგან წარდგენილი იყო 5 მოხსენება.



ჯავახიშვილის სახელობის თსუ მედიცინის ფაკულტეტის  მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ “უნივერსის“ ბაზაზე არსებული “ორსულობის დანაკარგების მართვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის” ხელმძღვანელი, ჯენარო ქრისტესაშვილი კონგრესზე წარსდგა ორი მოხსენებით…-…“თრომბოფილიის  გენების მუტაციები ქართველ ქალებში ორსულობის განმეორებითი დანაკარგებით” და…“ქრომოსომათა სტრუქტურული ანომალიები ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმეორებითი დანაკარგების მქონე წყვილებში”.



მოხსენებებმა  კონგრესის მონაწილეთა დიდი  ინტერესი და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა, ვინაიდან ისინი ეფუძნებოდნენ საქართველოში არსებულ სპეციფიკასა და თავისებურებებს, ხოლო დასკვნებსა და რეკომენდაციებში ასახული იყო თანამედროვე უახლესი მიდგომების შესაძლებლობების რეალიზაციის გზები და საჭიროებები საქართველოში.
 კონგრესის დიდი ინტერესი “თრომბოფილიის  გენების მუტაციები ქართველ ქალებში ორსულობის განმეორებითი დანაკარგებით” მოხსენების მიმართ განპირობებული იყო იმით, რომ პირველად იყო წარდგენილი საერთაშორისო დონეზე  თრობოფილიის  გენების  მუტაციების სახეები და სიხშირე ქართულ პოპულაციაში და ამ მუტაციებით გამოწვეული ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკის რეალური შედეგები დიდ მასალაზე - რმც “უნივერსის’,  ექსპერტიზის ეროვნული  ბიუროს გენეტიკის დეპარტამენტის (ხელმძღვანელი მედ.Dდოქტორი ნინო ყოჩიაშვილი), IQ  კლინიკის (ხელმძღვანელი მედ. დოქტორი მაი ჯანელიძე) 2011-2016 წლის მონაცემები.



ასევე სრულიად ახალი მიდგომები გაჟღერდა მოხსენებაში “ქრომოსომათა სტრუქტურული ანომალიები ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმეორებითი დანაკარგების მქონე წყვილებში”, რომელშიც  გაანალიზებული იყო დიდი მასალა -  რმც “უნივერსის” და საქართველოს პრენატალური დიაგნოსტიკის ცენტრის (ხელმძღვანელი ბიოლ. დოქტორი ნინო სიგუა) 2011-2016 წლის მონაცემები საქართველოდან. მოხსენებაში საინტერესო სიახლეს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ  ორსულობის მხოლოდ პირველი ტრიმესტრის განმეორებითი დანაკარგების მიზეზთა შორის საკმაოდ ხშირია ქრომოსომათა სტრუქტურული ანომალიები, განსაკუთრების სუბფერტილურ მამაკაცებში.



საერთაშორისო დონეზე  ქართული სამედიცინო მეცნიერების ყოველი ასეთი წარმატებული წარდგენა მისი ავტორიტეტის ამაღლების  საუკეთესო საშუალებაა - ამის დასტურად უნდა ჩაითვალოს კონგრესის ერთ-ერთი უცხოელი მეცნიერის აზრი, რომელიც მან გაუზიარა პროფესორ ჯენარო ქრისტესაშვილს - “როგორ მიაღწიეთ ასეთ წარმატებას ასეთ პატარა ქვეყანაში?”



 ამგვარად, “ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მეორე მსოფლიო კონგრესის” მუშაობაში საქართველოს წარმომადგენლების წარმატებულმა მონაწილეობამ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის სამედიცინო მეცნიერება სრულად ეხმიანება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს, სწორი მიმართულებით ვითარდება უკვე ათწლეულებია და ამ მიმართულებით მომუშავე წამყვან დაწესებულებებს ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად შეუძლიათ თანასწორი პარტნიორობა გაუწიონ მსოფლიოს წამყვან ცენტრებს ისეთი აქტუალური პრობლემის დაძლევაში, როგორიცაა ორსულობის განმეორებითი დანაკარგები.