პეკინის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ მედიცინის ფაკულტეტზე

2019 წლის 17-22 ივნისს თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში ვიზიტი განახორციელა პეკინის უნივერსიტეტის (ჩინეთი) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენლებმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტსა და პეკინის (ჩინეთი) უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და პეკინის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ვიცე დეკანმა ვანგ ჟიფენგმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად,  განიხილება თსუ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. ნინო ჩიხლაძე) ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. შეხვედრაზე, პეკინის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დელეგაცია, მათ შორის გლობალური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ძი-ჯი ძენი გაეცნო თსუ მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებს, სამედიცინო პრაქტიკული მეცადინეობების სისტემას.  
სამუშაო ვიზიტის პერიოდში განხორციელდა ვიზიტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა  კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ლუგარის ლაბორატორიაში, თბილისის ცენტრალურ ჰოსპიტალში, ასევე ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში.