მოგესალმებით თსუ იურიდიული ფაკულტეტის ვებ–გვერდზე და მადლობას გიხდით კავკასიის რეგიონში პირველი იურიდიული სკოლით დაინტერესებისათვის.

იურიდიული ფაკულტეტი ასწლოვან ასაკს მიუახლოვდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი იურიდიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოდელის როლი მას ერთი დღითაც არ დაუკარგავს, ხოლო ამ სფეროს რეფორმირების თანამედროვე პროცესშიც იგი გამწევ ძალას წარმოადგენს. სწორედ ბოლო ათწლეულის მიღწევები ნათლად წარმოაჩენს თსუ იურიდიული ფაკულტეტის ფუნქციას ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის ყოველდღიურ მუშაობასა და მისი განვითარების საქმეში.

ამჟამად ფაკულტეტი, მისი აკადემიური პერსონალის სამოცდაათზე მეტი წევრითა და კიდევ რამდენიმე ათეული მოწვეული ლექტორის მეშვეობით, საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა თითქმის ხუთი ათასი სტუდენტის მიმართ. იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთა ეს რაოდენობა, ასევე, პირდაპირ მეტყველებს ამ სკოლის მნიშვნელობაზე ქართული იურიდიული საზოგადოებისათვის. განათლების ბაზარზე მოთხოვნის, სწავლების ხარისხის, კურსდამთავრებულთა დასაქმებისა თუ სხვა მაჩვენებლებით ჩვენი ფაკულტეტი ასევე ლიდერია.

აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით ხშირად ინტერესდებიან სტუდენტები მეზობელი სახელმწიფოებიდან. არა მხოლოდ ამგვარი კონტინგენტის, არამედ, რა თქმა უნდა, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ წამოვიწყეთ და ვახორციელებთ უცხოენოვან პროგრამებს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია წინადებარე ვებ–გვერდზე სრულადაა მოცემული. გარდა ამისა, დღეს ჩვენ რამდენიმე ახალი პროგრამის შემუშავების პროცესშიც ვართ ჩართული და ჩემი აზრით, ყოველივე ეს კიდევ უფრო გაზრდის ფაკულტეტის რეპუტაციასა და მის მიმართ ინტერესს საერთაშორისო მასშტაბით.

იურიდიული ფაკულტეტი შეუჩერებლად მუშაობს სამეცნიერო გამოცემების მომზადების მიმართულებით. ფაკულტეტის პერიოდულმა პუბლიკაციებმა – „სამართლის ჟურნალი“ და „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“ – უკვე დაამკვიდრეს იურისპრუდენციის სივრცეში აკადემიურ აზრთა გაცვლის ძალზე ავტორიტეტული ფორუმი. ამასთან, ჩვენი სადოქტორო პროგრამების სტუდენტთა ნამუშევრები სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სამეცნიერო–კვლევით სტანდარტთან.

შედარებით დაბალი საფეხურის სტუდენტთა კომპეტენციის მაღალ დონეს ადასტურებს შეფასების შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო მექანიზმები. მათი ინიციატივები და სტუდენტური ცხოვრების ხალისი, რაც მათ მიერვე ორგანიზებული არაერთი ღონისძიებით ვლინდება, გადამდები და დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდა სხვა უნივერსიტეტბიდან იმავე თაობის წარმომადგენლებისათვის.

მცირედ უნდა ითქვას ფაკულტეტის იმ მზარდ საერთაშორისო აკადემიურ კავშირებზე, რომელთა შედეგადაც ძალიან ბევრი სასარგებლო წამოწყება უკვე წარმატებით დაგვირგვინდა და ბევრიც – მხოლოდ ახლაღა შედის აქტიურ ფაზაში. მინდა შევნიშნო, რომ ეს თანამშრომლობა დღეს უკვე ვრცელდება ამერიკულ, ევროპულ და აზიურ იურიდიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და აგრეთვე ამ სამართლებრივი სისტემების უაღრესად თვალსაჩინო წარმომადგენელ, კონკრეტულ პიროვნებებთან, რაც თავისთავად საამაყოა.

ყოველივე ეს იურიდიული ფაკულტეტის ძალზე მჭიდროდ შეკავშირებული გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია და ამ დაწესებულების საფირმო ნიშანს ატარებს. ეს გუნდი მიიჩნევს, რომ საქმიანობის ერთადერთი სწორი გზაა ერთდროულად ტრადიციული და პროგრესული მიდგომების თანხვედრა – სწორედ ამას ვთვლით ჩვენს უმთავრეს გამოწვევად.

იმედს ვიტოვებ, ეს ვებ–გვერდი თქვენ სრულყოფილ დახმარებას გაგიწევთ და თუკი საჭირო შეიქნება დამატებითი რესურსის გამოყენება, იურიდიული ფაკულტეტი ნაბიჯს ამ მიმართულებითაც სიხარულით გადადგამს.

საუკეთესო სურვილებით,
ირაკლი ბურდული
დეკანი, პროფესორი, სამართლის დოქტორი