2019-11-04

მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 2019 წლის 1-2 ნოემბერს მასპინძლობდა მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”.

კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მეცნიერებმა, უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა. მსოფლიოს 12 სახელმწიფოდან წარმოდგენილი იყო 100-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატია.

კონფერენცია გახსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შარვაშიძემ. მან განაცხადა, რომ „ღონისძიების თემატიკა მნიშვნელოვანი და აქტუალურია. მონაწილეები აქტიურად მუშაობენ და ვიმედოვნებ, რომ შედეგიც შესაბამისი იქნება“.

პლენარულ სხდომას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მისი აზრით, „დღევანდელი მსოფლიო განიცდის ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ირკვევა, თუ საით უნდა განვითარდეს ეკონომიკის ახალი პარადიგმები და ასეთი თემატიკის კონფერენციები მნიშვნელოვანია იმისათვის,  რომ სწორად განისაზღვროს ეკონომიკური მეცნიერების მიმართულებები ამ ბობოქარ მსოფლიოში.“

კონფერენციას საპატიო სტუმრების რანგში მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჯაში და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი რომან კაკულია:
-„მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია, როგორც მეცნიერთა შორის ინფორმაციის და კვლევების შედეგების გაცნობის თვალსაზრისით,  ასევე ეკონომიკის ინტერნაციონალიზისთვის. ბუნებრივია, გლობალიზაცია გულისხმობს გამოწვევებს არა მხოლოდ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებისთვის,  მათ შორის საქართველოსთვის,  არამედ ნებისმიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის. ამდენად, უაღრესად საინტერესოა ის ინოივაციები და ახალი რეკომენდაციები,  რომელზეც  იმსჯელებენ კონფერენციაზე,“- აღნიშნა ქალბატონმა მარიამ ჯაშმა.
-„კონფერენციის მთავარი თემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იმ მასშტაბის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ოცდაათი წელია საუბრობენ პრობლემათა იდენტიფიცირებაზე. ახლა მთავარია მუშაობა პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიებაზე. ეკონომიკის გლობალურ განვითარებაში ჩვენი ქვეყნის მსგავს ქვეყნებს რაიმეს დამოუკიდებლად შეცვლა არ შეუძლიათ; საუბარია იმაზე, როგორ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში. ამ თემას ეხება კონფერენცია, რომელზეც კონკრეტული რეკომენდაციები იქნება შემუშავებული,“- განაცხადა ბატონმა რომან კაკულიამ.
   
მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ თსუ-ის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და თსუ-ის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე. ისინი გულწრფელად მიესალმნენ მოწვეულ სტუმრებს და კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიხსნა პლენარული სხდომა, მოხსენებით გამოვიდნენ:
  • პოლ ჰეარი, აკადემიკოსი, ჰელიოტ-ვოტის უნივერსიტეტი, ედიმბურგი, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო - „ზრდა და განვითარება, საქართველოს მაგალითზე“. Hare Paul, Academician, Heriot-Watt University, Edinburgh – „Growth and Development – Catching up- Adapted for Georgia“.
  • რაინერ ვენერი, პროფესორი, ვურცბურგ-შვეინფურტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია - „გლობალიზაციის ეფექტები ევროპის ავიაკომპანიების ბაზრებზე“. Wehner Rainer, Professor, University of Applied Sciences Würzburg-Schweinfurt, Germany – „Effects of Globalization on European Airline Markets“.
  • ელინა გაილე-სარკანე, დეკანი, პროფესორი, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი, ლატვია - „უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიის კოოპერაცია: ბალტიის რეგიონის გამოწვევები“. Elīna Gaile-Sarkane, Dean, Professor, Riga Technical University – „University – Industry Cooperation: Challanges of the Baltic Region“.
  • გიუნტერ ჰოფბაუერი, პროფესორი, ინგოლშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია - „ბლოკჩეინ პროგრამები ბიზნეს პროცესებში შესყიდვებისათვის“.  Hofbauer Günter, Professor, Technical University Ingolstadt, Germany – „Blockchain Applications in Business Processes Exemplified for Procurement“.
კონფერენციაში ქართველებთან ერთად 26 უცხოელი მეცნიერი იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც მოხსენებები წარადგინეს სხვადასხვა თემატიკაზე. „საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა და საინტერესოა არსებული ტრანსფორმაციული პროცესები, არამედ იმიტომ, რომ თვითონ საქართველო და მისი ინტელექტუალური პოტენციალი იძლევა იმის საშუალებას რომ განვითარდეს. კონფერენციის თემა ძალიან კარგად არის შერჩეული - გლობალიზაციის გამოწვევები, ის პრობლემები, რაც მსოფლიოს წინაშე დგას, მათ შორის ეკონომიკის და ბიზნესის თვალსაზრისით,“- აღნიშნა ინგოლშტატის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიუნტერ ჰოფბაუერმა.

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ  მუშაობა გაიხსნა ცალკეულ სექციებში. თემატიკის მიხედვით სულ წარმოდგენილი იყო 14 სექცია.
   
მეორე დღეს, 2 ნოემბერს, კონფერენციის მონაწილე უცხოელი და ქართველი სტუმრებისთვის გაიმართა კულტურული პროგრამა კახეთის რეგიონში.