ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1993 წლის კურსდამთავრებულს, ფიზიკოს-თეორიტიკოს გიორგი ჯაყელს, მიენიჭა ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების (APS) ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო — ჯეიმს მაკგროდის პრემია ახალი მასალებისთვის (James C. McGroddy Prize for New Materials https://www.aps.org/funding-recognition/prize/james-mcgroddy).
ჯეიმს მაკგროდის პრემია 1997 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ენიჭება მეცნიერებს, როგორც აღიარება მათი გამორჩეული მიღწევებისა: (ციტატა) „მასალათა ახალი კლასის აღმოჩენაში ან ცნობილ მასალებში ისეთი ახალი მოვლენების დამზერაში, რაც იწვევს როგორც არსებით მეცნიერულ წინსვლას მოვლენის გაგებაში, ასევე ქმნის ახალი გამოყენებების შესაძლებლობას. პრემია მოიცავს თეორიულ და ექსპერიმენტულ ნაშრომებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მსგავსი მოვლენების გააზრებაში.“ ჯეიმს მაკგროდის პრემია ფიზიკის დარგში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო აღიარებად ითვლება — მის ლაურეატებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ მეცნიერები, რომლებსაც აგრეთვე მინიჭებული აქვთ ნობელის პრემია.
ჯილდო გიორგი ჯაყელმა კოლეგებთან — გინიატ ხალიულინთან და ჰიდენორი ტაკაგისთან ერთად დაიმსახურა ქალაქ შტუტგარტის მაქს პლანკის მყარი სხეულების კვლევის ინსტიტუტში ჩატარებული ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისთვის. ოფიციალური ფორმულირებით, პრემია მათ გადაეცათ: „ფუძემდებლური თეორიული და ექსპერიმენტული კვლევებისთვის, მასალების დიზაინისა და აღმოჩენებისთვის, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ტოპოლოგიური კვანტური მატერიის ახალი ფორმების შესწავლას სპინ-ორბიტალური ურთიერთქმედებით განპირობებულ მოტის იზოლატორებში, რომლებიც რეალიზებულია გარდამავალი ლითონების ოქსიდებში“.
ეს აღიარება ხაზს უსვამს თანამედროვე მეცნიერების უმნიშვნელოვანეს ასპექტს — თეორიული პროგნოზისა და ექსპერიმენტული კვლევის მჭიდრო სინთეზს. გიორგი ჯაყელისა და გინიატ ხალიულინის მიერ შტუტგარტში შემუშავებული თეორიული მოდელები ჰიდენორი ტაკაგის ექსპერიმენტული ჯგუფის მიერ იქნა დადასტურებული, რამაც მეცნიერებას გზა გაუხსნა სრულიად ახალი ტიპის მასალების აღმოჩენისკენ.
კვლევის ობიექტს წარმოადგენს მატერიის განსაკუთრებული მდგომარეობა, სადაც კვანტური ეფექტების წყალობით, ელექტრონების მაგნიტური მომენტები (სპინები) აბსოლუტურ ნულთან მიახლოებულ ტემპერატურაზეც კი არ „იყინება“ და აგრძელებს მოძრაობას. ამ ფენომენს „კვანტური სპინური სითხე“ ეწოდება და მისი შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავლის ტექნოლოგიებისთვის, კერძოდ, ტოპოლოგიური კვანტური კომპიუტერების შესაქმნელად. ფართო გაგებით, თანამედროვე ტექნოლოგიები — კომპიუტერებითა და საკომუნიკაციო მოწყობილობებით დაწყებული, სამედიცინო ტომოგრაფიითა და მომავლის კვანტური ტექნოლოგიებით დასრულებული — ეფუძნება მოწინავე მასალებს, რომელთა თვისებებიც კვანტური ფიზიკის კანონებითაა განსაზღვრული. მსგავსი მასალების აღმოჩენა და მათი ბუნების გააზრება ჩვენი დროის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო გამოწვევაა.
გიორგი ჯაყელის წარმატება ქართული ფიზიკის სკოლის საერთაშორისო აღიარების მორიგი დასტურია. მისი საერთაშორისო სამეცნიერო კარიერა მოიცავს მოღვაწეობას მსოფლიოს წამყვან ცენტრებში: 1999-2004 წლებში მუშაობდა საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრსა (CNRS) და ნეიტრონული ფიზიკის ლაუ-ლანჟევენის ინსტიტუტში (ILL); 2004-2007 წლებში მოღვაწეობდა ლოზანის შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (EPFL); 2007 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა შტუტგარტის მაქს პლანკის ინსტიტუტში (MPI FKF). 1999 წლიდან იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (2012 წლიდან თსუ-ის) ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელია.
გიორგი ჯაყელი კვანტური მატერიის თეორიის მიმართულებით 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია მსოფლიოს მაღალი იმფაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო გამოცემებში. მას გაკეთებული აქვს 100-ზე მეტი მიწვეული მოხსენება საერთაშორისო კონფერენციებზე და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამაყობს საკუთარი კურსდამთავრებულის მსოფლიო მასშტაბის მიღწევით და ულოცავს გიორგი ჯაყელს ამ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს.