Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს „სკოლამდელი აღზრდის„ პროფესიული პროგრამის სტუდენტები ბაგა-ბაღის სასწავლო პროცესში მონაწილეობენ

 „მსგავსი აქტივობები პროფესიულ სტუდენტებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ბავშვებთან ურთიერთობაში. პროფესიული სტუდენტები ადგილზე გაეცნენ მეთოდოლოგიას და უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ბავშვებთან მუშაობის პროცესში,“-განაცხადა თბილისის 197-ე საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგმა ანა კალანდაძემ, რომელიც აღსაზრდელებთან ერთად თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიულ სტუდენტებს მასპინძლობდა.

 

პროფესიული პროგრამის ფარგლებში მოდულის სპეციფიკის გათვალისწინებით პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება მუდმივად ხორციელდება. როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა ქრისტინე ჩიხლაძემ აღნიშნა, თსუ პროფესიული განათლების ცენტრს არაერთი თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საჯარო და კერძო სექტორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან, ასევე მზადდება მემორანდუმი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან. ეს კი ქმნის ფართო შესაძლებლობას სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებისთვის.

 

ქრისტინე ჩიხლაძის თქმით, 197-ე ბაგა-ბაღში ვიზიტის ფარგელებში სტუდენტებს გააცნეს ბაღის მოწყობა, სტრუქტურა, როგორ ტარდება გაკვეთილი, ასევე ის რესურსები, რომელიც შემუშავებულია სწავლების პროცესისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გასვლითი ტურების მოწყობა პროფესიული სტუდენტებისთვის, რადგან პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული კომპონენტი უშუალოდ ბაღის სივრცეში იყოს გათვალისწინებული. ამგვარად სტუდენტებს მიეცემათ საშუალება დააკვირდნენ აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას, რათა შემდგომში შეძლონ მათი შეფასება და დასკვნების გაკეთება“,-განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა.

 

197-ე ბაგა-ბაღში სტუმრობა საინტერესო აღმოჩნდა თვით პროფესიული სტუდენტებისთვის. „ბაგა-ბაღში უშუალოდ სასწავლო პროცესს დავესწარით, როგორ იწყება დღე, როგორ მოდიან ბავშვები, როგორ ეცნობიან დღის განრიგს, როგორ იგეგმება აქტივობები. ეს პროცესი გაგვაცნეს მასწავლებელმა და მეთოდისტმა“,-აღნიშნა პროფესიული პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ სტუდენტმა ანი გელხაურმა. მანვე აღნიშნა, რომ სწავლის პროცესში მიღებულ თეორიულ ცოდნას პროფესიული სტუდენტები პრაქტიკაში იღრმავებენ. მეტიც, მსგავსი გამოცდილება მათ  ბავშვებთან ურთიერთობაში და მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება.