თსუ პროფესიული პროგრამის „საფინანსო სერვისები“ (ქუთაისი) სტუდენტები გაცნობითი ვიზიტით პარტნიორ ორგანიზაციებს ეწვივნენ, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიის პრაქტიკულ ასპექტებს გაეცნენ.
შპს „მეგა“-ში სტუდენტებმა დაათვალიერეს სავაჭრო ობიექტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები და გაეცნენ საქმიანობის სპეციფიკას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, მენეჯმენტის, ბუღალტრული აღრიცხვის, სასაწყობო მარაგების მართვის, სალარო ოპერაციების, მოლარე-ოპერატორის ფუნქციების და კონსულტანტების მომსახურების პროცესების კუთხით.
მათ ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია ფინანსური დოკუმენტბრუნვის, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების, მარაგების კონტროლისა და მომხმარებელთა მომსახურების ორგანიზების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ავსებს პროგრამის თეორიულ კომპონენტს.
კრედო ბანკში ვიზიტი კი საბანკო საქმიანობის სისტემური გაცნობას დაეთმო. სტუდენტებმა უშუალოდ დაათვალიერეს ბანკის ფილიალის სამუშაო გარემო და პრაქტიკაში გაეცნენ კლიენტთა მომსახურების პროცესებს, სალარო ოპერაციებს, საბანკო პროდუქტების ადმინისტრირებას, შიდა კონტროლის მექანიზმებსა და საბანკო უსაფრთხოების საბაზისო პრინციპებს.
სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული წარმოდგენა ბანკის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, თანამშრომელთა ფუნქციურ განაწილებაზე და იმ რეგულაციურ ჩარჩოზე, რომლის ფარგლებში ხორციელდება საბანკო საქმიანობა საქართველოში.