ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრმა ბათუმში საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებულ ღია კარის დღეზე აბიტურიენტებისთვის პროფესიული პროგრამები წარადგინა.
თსუ სტენდთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი 2026 წლის მიღებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების შესახებ ესაუბრა.
ღია კარის დღეზე ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ და ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ინეზა ვაწაძემ აბიტურიენტებს თბილისსა და ქუთაისში სწავლის შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ორ ლოკაციაზე ცენტრი 20 პროფესიულ პროგრამას ახორციელებს. აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 10 პროფესიული პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ. დანარჩენ პროგრამებზე კი რეგისტრაციას საშემოდგომო მიღებაზე შეძლებენ.
ღია კარის დღეს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო “შერატონში” ჩატარდა. აბიტურიენტების უკეთ ინფორმირებისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, ღია კარის დღე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება.