Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული განათლების მეორე კონფერენცია წარმატებით დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებული პროფესიული განათლების  II კონფერენცია ,,პროფესიული განათლება საქართველოში: შესაძლებლობები და გამოწვევები“  გახსნა.   კონფერენცია ყოველწლიურია და მისი მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, გამოწვევების, სიახლეების, კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა.

 

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარება, რადგან ეს ცოდნა ორიენტირებულია შრომის ბაზარზე. ბუნებრივია, რომ კონფერენციაზე შეკრებილი სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლები მსჯელობენ იმ პრობლემებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, იმ საკითხებზე, რომელიც აუცილებლადაა გადასაწყვეტი და ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რაც უნდა მისცენ სასწავლებლებმა სტუდენტებს, რომლებიც პროფესიული პროგრამების დაუფლებას აპირებენ,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ კვინიკაძე,  პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირინე მარგიშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა მარგიშვილი, თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თამარ კვინიკაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუნივერსიტეტო სივრცეში ხდება პროფესიული განათლების მიწოდება, რადგან სტუდენტები ეზიარებიან არა მხოლოდ პროფესიული განათლების სიკეთეებს, არამედ აკადემიური განათლების მიმართულებით შეუძლიათ, რომ გაეცნონ კვლევით და სამეცნიერო მიმართულებას. ამასთან, მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია როდესაც პროფესიულ მასწავლებლებად გვევლინება აკადემიური პერსონალი.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა მარგიშვილი მიიჩნევს, რომ კონფერენციაზე განხილული თემები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების განვითარებას, პროფესიული პროგრამების კიდევ უფრო მეტად დახვეწას.

 

“პროფესიული განათლება ქვეყნის განვითარების, ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედია და შესაბამისად, ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი, ადვილად ადაპტირებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რომელსაც მუდმივად სჭირდება განვითარება და მხარდაჭერა. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ პროფესიული განათლების განვითარებას ემსახურება“,-აღნიშნა პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირინე მარგიშვილმა.

 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ლევან წიქარიძის თქმით, ამ კონფერენციით იქმნება კიდევ ერთი სადისკუსიო სივრცე ყველა დაინტერესებული პირისთვის, დარგის ექსპერტებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, რათა იმსჯელონ პროფესიული განათლების განვითარებაზე.

 

თსუ პროფესიული სტუდენტის ბეატრის ვერძაძის აზრით, კონფერენცია იყო საინტერესო და ინფორმაციული, ბევრი სიახლე გახდა ხელმისწავდომი,  ამასთან ის სტუდენტებს ხელს შეუწყობს ძალიან ბევრი უნარის განვითარებაში.

 

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მომავალი წლიდან კონფერენცია საერთაშორისო პარტნიორების და უცხოური პროფესიული სასწავლებლების მონაწილეობით გაიმართება.

 

განათლების  II კონფერენციაში ,,პროფესიული განათლება საქართველოში: შესაძლებლობები და გამოწვევები“   მონაწილეობენ პროფესიული პროგრამების  სტუდენტები და კურსდამთავრებულები, მასწავლებლები, ადმინისტრაციული პერსონალი სხვადასხვა პროფესიული განათლების სასწავლებლებიდან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები როგორც თბილისის, ასევე, რეგიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლებიდან. კონფერენციის მონაწილეებმა 26 მოხსენება წაიკითხეს ამ სფეროს აქტუალურ საკითხებზე.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თსუ პროფესიული სტუდენტის ელენე ნინო მაისურაძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

 

თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან  ხორციელდება. 2019 წლიდან კი პროფესიული პროგრამების ადმინისტრირებას თსუ პროფესიული განათლების ცენტრი უძღვება. დღეისთვის ცენტრი 16 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს თბილისსა და ქუთაისში, რომელზეც 400-მდე სტუდენტი სწავლობს.

თარიღი: 23/06/2025