თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ესპანეთში ერაზმუს+ საერთაშორისო პერსონალის კვირეულზე იყო წარმოდგენილი, სადაც თსუ-სა და პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმაცია ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სასწავლო ცენტრების წარმომადგენლებს გაუზიარეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა და პროფესიული განათლების ცენტრის ინტერნაციონალიზაციის მენეჯემა ნათია გაბრიჭიძემ კვირეულის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს უცხოელ კოლეგებთან, სადაც გამოცდილების გაზიარებასთან ერთად საუბარი სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეეხო.
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ფარგლებში საერთაშორისო პერსონალის კვირეული 2026 წლის 1-6 ივნისს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში გაიმართა. კვირეულის პროგრამა მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს, პრეზენტაციებს, დისკუსიებს და პირისპირ შეხვედრებს, ინსტიტუციურ ვიზიტებსა და პრაქტიკულ სამუშაო სესიებს. მონაწილეებმა განიხილეს უმაღლეს და პროფესიული განათლების სფეროში არსებული საერთო გამოწვევები და ერთმანეთს გაუზიარეს წარმატებული პრაქტიკები და ინოვაციური გადაწყვეტილებები.
ვიზიტის განმავლობაში საერთაშორისო პერსონალის კვირეულს უმასპინძლეს ინტეგრირებული პროფესიული განათლების საჯარო ცენტრმა „ალან ტურინგი“ და მალაგას ციფრული კონტენტის ინოვაციისა და განვითარების ცენტრმა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თანამედროვე მიდგომებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული სერვისებისა და ონლაინ სწავლების მხარდაჭერის მიმართულებით. შეხვედრა გაიმართა ბილინგვური პროგრამების კოორდინატორთან ხოსე ხუან გარსია მაიორგასთან.
ესპანელ მასპინძლებთან შეხვედრისას მიღწეულია შეთანხმება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის Front End დეველოპმენტის პროფესიული პროგრამის სტუდენტებისთვის საერთაშორისო სტაჟირების თაობაზე. ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და გამოიკვეთა პარტნიორობის პერსპექტივები, რაც მომავალში სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.