geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური პროექტი პრაქტიკული გამოცდილებისთვის

თსუ პროფესიული პროგრამის “საბაჟო საქმე” (ქუთაისი) სტუდენტების პროექტი „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი (AEO) – გზა ევროპული ბიზნეს გარემოსკენ!” წარმატებით განხორციელდა.

 

სტუდენტური პროექტი, რომელმაც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული სტუდენტური პროექტების კონკურსში გაიმარჯვა, კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ და ახლოს გასცნობოდნენ საბაჟო საქმის რეალურ სამუშაო გარემოს.

 

სტუდენტური პროექტი ორ ნაწილად განხორციელდა. პირველ ეტაპზე სტუდენტებმა ცენტრში (ქუთაისი) მებაჟე-ოფიცრებისა და საბაჟო მიმართულების სპეციალისტების დახმარებით გაიღრმავეს ცოდნა AEO სტატუსისა და მისი მიღების პროცედურების შესახებ. მეორე ეტაპზე კი სტუდენტები ბათუმს ეწვივნენ. ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ისინი რეალურ სამუშაო გარემოში გაეცნენ AEO საბაჟო მუშაობის პრაქტიკულ კომპონენტებსა და სამუშაო პროცესის სპეციფიკას; გეზში მებაჟედ მუშაობის თავისებურებებს; სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე ყველა საბაჟო ფორმალობას დოკუმენტბრუნვიდან დაწყებული, ფიზიკური კონტროლის პროცედურებით დამთავრებული;

 

სტუდენტებმა სპეციალისტებთან ერთად ასევე განიხილეს რეალური მაგალითები საბაჟოზე გამოვლენილი არადეკლარირებული და კონტრაბანდული საქონლის აღმოჩენების შესახებ.

 

პროფესიული პროგრამის “საბაჟო საქმე” ხელმძღვანელის ლაშა ჩაკვეტაძის  განცხადებით, სტუდენტური პროექტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სტუდენტებისთვის შეიქმნას რეალური, პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო გამოცდილება, რომელიც მათ თანამედროვე შრომის ბაზრისა და საერთაშორისო სავაჭრო სტანდარტებისთვის ამზადებს. მისივე თქმით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მიერ დაფინანსებული სტუდენტური პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

სტუდენტური პროექტის ავტორია პროფესიული პროგრამის „საბაჟო საქმე“ სტუდენტი გოჩა გაბუნია.

თარიღი: 15/07/2026