Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ჟუჟუნაშვილი
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1966

გიორგი ჟუჟუნაშვილი დაიბადა 1966 წლის 20 დეკემბერს. 1984-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. აქვე 1994-1997 წლებში გაიარა ასპირანტურის სრული კურსი საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სპეციალობით. 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,XV-XVIII საუკუნეების რუსეთის საარქივო მასალები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო’’. იგი იყო ფართო პროფილის მკვლევარი, რომელიც სამეცნიერო ნაშრომებს ქმნიდა საქართველოს, რუსეთისა და კავკასიის ისტორიაში. გიორგი ჟუჟუნაშვილმა თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995 წლიდან დაიწყო. იგი იყო ჯერ რუსეთის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, შემდეგ დოცენტი. პარალელურად, 1999-2003 წლებში მას იგივე თანამდებობები ეკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლდათ. 2006 წლიდან გიორგი ჟუჟუნაშვილი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჯერ ასისტენტ-პროფესორი და შემდგომ უკვე ასოცირებული პროფესორი იყო. ამავე დროს, მას ფაკულტეტზე ეკავა რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა. მისი სამეცნიერო საქმიანობა მრავალმხრივი და მრავალფეროვანი იყო. მან ქართულ საისტორიო მეცნიერებას 60 ნაშრომზე მეტი დაუტოვა, რომელთაგან რამდენიმე მონოგრაფიაა. მისი კვლევის სფერო და არეალი ფართო იყო. მის განსაკუთრებულ ინტერესის სფეროს კავკასიაში რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა წარმოადგენდა. მონოგრაფიებში, ძირითადად, ეს პრობლემა აქვს წინ წამოწეული. 2012 წელს დაისტამბა გიორგი ჟუჟუნაშვილის მონოგრაფია ,,საისტორიო ეტიუდები’’, რომელშიც მან თავი მოუყარა წლების განმავლობაში სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში გაბნეულ სამეცნიერო ნაშრომებს. 2006 და 2009 წლებში გამოიცა მნიშვნელოვანი მონოგრაფიები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ. იგი თანაავტორია 2005 წელს გამოცემული რუსეთის ისტორიის ქრესტომათიისა. გიორგი ჟუჟუნაშვილმა 2014 წელს გამოსცა მეუღლის ნანა ბერიძის მიერ გერმანულიდან თარგმნილი ცნობილი ქართველი მოღვაწისა და მეცნიერის მიხაკო წერეთლის წიგნი ,,კავკასიური რასისა და კულტურის პრობლემები’’, რომელიც საქართველოში და საერთოდ, ქართული საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო. იმავე წელს პროფესორ დიმიტრი შველიძესთან ერთად იმუშავა პუბლიკაციაზე წიგნისთვის, რომლის სათაურია ,,ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილის გამო’’. გამოსაცემად მომზადებული დარჩა მიხეილ წერეთლის ასევე გერმანულ ენაზე გამოცემული და ქართული საზოგადოებისთვის უცნობი წიგნი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. გარდა პოლიტიკური ისტორიისა, გიორგი ჟუჟუნაშვილის ინტერესის სფეროს ისტორიის სხვა საკითხებიც მოიცავდა, რომელთა შორისაც მონღოლების დროინდელი საქართველოს სახელმწიფოს დიპლომატიური ეტიკეტი, ელჩთა მიღების წესი შუა საუკუნეების საქართველოში და ეკლესიის ისტორია შეიძლება დავასახელოთ. სამეცნიერო ნაშრომები მას დაბეჭდილი აქვს არა მხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ რუსულ და პოლონურ ენებზე. მან გამოსცა თავისი მასწავლებლის, პროფესორ ვალერიან მაჭარაძის ხელნაწერი წიგნები. იგი მონაწილეობდა არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში (მოსკოვი, ყაზანი, ყარსი, კიშინიოვი, პეტერბურგი, ტიუმენი, პოზნანი). ბოლო დროს სამეცნიერო კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები კავკასიაში ხელოვნურად გაღვივებულ კონფლიქტებს ეხებოდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი ჟუჟუნაშვილის მიერ წაკითხული საბაკალავრო და სამაგისტრო სალექციო კურსები მისი დიდი ცოდნისა და ერუდიციის დამადასტურებელია, რომელთაგანაც აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი ისეთი კურსები, როგორიცაა ,,რუსეთის აღმოსავლური პოლიტიკა XV-XX საუკუნეებში’’, ,,რუსეთი, საქართველო და ამიერკავკასიის სახანოები XVI-XX საუკუნეებში’’, ,,კავკასიის ხალხთა ისტორია და კულტურა’’ და ა.შ. გიორგი ჟუჟუნაშვილი გარდაიცვალა 2015 წლის 28 სექტემბერს.

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: ისტორიკოსი